+995 32 ‎2 407 222

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

19 მარტს საქართველოს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის დებულება დაამტკიცეს.
როგორც დებულების დამტკიცებამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს მისი თავმჯდომარეობით წარმართული ბოლო სხდომაა, რადგან პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იგი ორშაბათიდან ახალ სამსახურს შეუდგება - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის რანგში.
კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს თემაზე: „რა კეთდება ქართული ენის დაცვისთვის?“
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, გლობალიზაციის პირობებში, ქართული ენის გამოყენება სხვადასხვა სფეროში იზღუდება.
„ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ახალ-ახალი დარგების განვითარებასა და ამ დარგებისთვის ქართული ტერმინოლოგიის არარსებობასთან. ბევრ სფეროში, სამწუხაროდ, ჩვენ დროს ვერ ვეწევით. ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობას, ჩვენს საზოგადოებაში ვერ აცნობიერებენ. საბოლოო ჯამში, ეს ყალიბდება იმგვარად, რომ ქართული ენის არაპრესტიჟულობაზე გვიხდება საუბრის მოსმენა. აღსანიშნავია საბჭოთა ენობრივი პოლიტიკის მემკვიდრეობაც. ეს არის რთული პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, დროში ძალიან გაიწელა, რადგან განსაკუთრებულად კომპაქტურად ჩასახლებულ რაიონებში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა შორის ურთიერთობისთვის იყო არა ქართული, არამედ რუსული ენა. მისი ჩანაცვლება ხდება თანდათან სახელმწიფო ენით“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ქართული ენის განვითარებისა და დაცვის მიმართულებით არსებობს.
„შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო და გამოკვეთილია ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიზნები და ამოცანები. ამჟამად ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს სტრატეგიაზე მუშაობა, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა უწყებები და უახლოეს მომავალში გვექნება ეს სტრატეგია, რომელშიც ყველა საკითხი, რაც სახელმწიფო ენას უკავშირდება, შესაფერის ასახვას ჰპოვებს“, - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მისი თქმით, ენის დეპარტამენტის მთავარი მიზანი სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებაა.
„ენის სრულფასოვან ფუნქციონირებაში იგულისხმება ის, რომ ენას უნდა ჰქონდეს სათანადო პირობები, რათა გამოიყენებოდეს შეუფერხებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სფეროში, ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, დეპარტამენტმა მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც გადაეცემა სხვადასხვა უწყებებს. მან ისაუბრა ასევე ზედამხედველობის მექანიზმის დახვეწის თაობაზე.
„დეპარტამენტი მუშაობს სალიტერატურო ენის ნორმების განახლებაზე ექსპერტთა კომისიასთან ერთად და რამდენიმე მათგანი საქართველოს მთავრობამ შარშან დაამტკიცა კიდეც. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ენის ბგერითი სისტემის ქართული ენის ბგერითი სისტემით გადმოცემის წესების შექმნა და განახლება მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
მან სხდომაზე წარმოადგინა გავრცელებულ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონი.
მოხსენების შემდეგ, დისკუსია გაიმართა. გიორგი ალიბეგაშვილმა დასმულ კითხვებს უპასუხა. ცალკეული მიმართულებით კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გასცა პასუხი. მისი განმარტებით, სამინისტრო ენის დეპარტამენტთან ერთად ჩართულია გრძელვადიანი დოკუმენტის მომზადების პროცესში. ეთნიკური უმცირესობებისთვის ენის შესწავლასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ეს განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარეობს. მისი თქმით, სამინისტრო ზრუნავს სკოლამდელი განათლების საფეხურზე ენის სწავლების საკითხზე.
„ეს არის როგორც ყოფითი მეტყველების მიმართულებით ლექსიკური მარაგის განვითარება, ასევე წიგნიერი მეტყველების გაღრმავება“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
მისი თქმით, ზოგადი განათლების საფეხურის დაწყებითი კლასებისთვის სამი საგანია გამოყოფილი ბილინგვური განათლების პროგრამის ფარგლებში. მისივე თქმით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი ეთნიკური უმცირესობებისთვის მათ მშობლიურ ენაზე, შემდგომ კი სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, მუშაობს 1+4 პროგრამა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ განსხვავებული ჩარიცხვის წესი. მისი განცხადებით, ქართული ენის პოპულარიზაცია მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მოსაზრებით, ახალგაზრდა თაობის ძალიან ცოტა წარმომადგენელმა იცის, რომ სვანური და მეგრული ქართული ენისგან განყენებული ცალკე ენები კი არ არის, არამედ ქართული ენის უძველესი ფორმებია.
„ქართული ენა ვერ იქნებოდა ის, რაც არის, რომ არ ყოფილიყო ძველი ფორმები. ამას სჭირდება მიწოდება ახალგაზრდებისთვის. სვანურსა და მეგრულსაც სჭირდება დაცვა. აფხაზური ენა, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია გვინახავს, არის აფხაზეთში სახელმწიფო ენა. თუ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობას შევხედავთ, შეიძლება იყოს რაღაც ხედვაც, ეს ენა როგორ დავიცვათ. რაც შეეხება ქართულ ენას, მინდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ვთხოვო, უფრო აქტიურად ჩაერთოს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს ფარგლებში, იქნება ცალკე მიმართულება ქართული ენისთვის.
​სხდომაზე მოსაზრებები გამოთქვეს სპეციალისტებმა, ფილოლოგებმა, ენათმეცნიერებმა. მათ ისაუბრეს იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს ქართული ენა დგას.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კულტურის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს რიგ საკითხებზე, რადგან ქართული ენა არის ქართული კულტურის ნაწილი.