+995 32 ‎2 407 222

21 თებერვალი, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

2020 წლის 21 თებერვალს, 15.00 საათზე მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ანგარიშით წარსდგა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან. 
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა გახსნა. ამის შემდეგ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა წარადგინა დეპარტამენტის წლიური ანგარიში და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ამას მოჰყვა ქართული და აფხაზური ენების დისტანციური კურსების პროექტების პრეზენტაცია, რომლებიც მუშავდება პორტალ „ლინგვინგის“ ბაზაზე. პროექტების ხელმძღვანელმა დავით ველიაშვილმა ისაუბრა ამ კურსების მნიშვნელობაზე. „ლინგვინგი“ აფხაზური ენის დისტანციური სწავლების კურსს ქმნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელთან, ლეილა ავიძბასთან ერთად. 
საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია დეპარტამენტის ანგარიშმა და დისტანციური კურსების პროექტებმა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ვახტანგ ყოლბაია და ადა მარშანია. 
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის კონცეფციით შექმნილი და გამოცემული ლექსიკონები: ქართული ენის დიალექტებისა და ქართველური ენების, აგრეთვე ქართულ-აფხაზურ-ინგლისური, ქართულ-ოსურ-ინგლისური, უდიურ-ქართული, ბეჟიტურ-ქართული, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა - თეიმურაზ გვანცელაძის, გვანცა გვანცელაძისა და სოფიკო ჭაავას ახალი გამოცემები: ქართულ-აფხაზური ლექსიკონი, კავკასიოლოგიის შესავალი, აფხაზური ენა დამწყებთათვის და ქართველი მწერლის, ირაკლი შამათავას რომანი „გამშვები პუნქტი“.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის