+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ

 

 

2022 წლის 7-9 დეკემბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში განთავსებული გარე აბრები შეამოწმეს და მონაცემები შეკრიბეს ფოტოების სახით. კანონდარღვევით განთავსებული წარწერების მქონე ობიექტების მფლობელებს ადგილზევე მიეცა სათანადო ზეპირი რეკომენდაციები. საბოლოოდ, მიღებული ინფორმაცია გაანალიზდება და მომზადდება საჭირო რეკომენდაციები იმისათვის, რომ, იმ შემთხვევაში, თუ აბრა სახელმწიფო ენის ორგანული კანონის დარღვევითაა განთავსებული, წარწერები შესწორდეს.

 გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საჯარო სივრცეში ოფიციალური საქმისწარმოების გამოწვევების შესასწავლად დეპარტამენტის თანამშრომლები - სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მარინა ბერიძე, საინფორმაციო-ანალიტიკური კვლევის მენეჯერი მაკა თეთრაძე და სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ეთერ ჭურაძე შეხვდნენ ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიების ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურების თანამშრომლებს, ასევე - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომლებიც გამოჰკითხეს სახელმწიფო ენაზე საქმისწარმოების სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ.

ოფიციალურ ვიზიტამდე სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა შეიმუშავა სპეციალური კითხვარი, რომელიც მუნიციპალიტეტებში საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ისახავდა მიზნად. კითხვარი ყველა მუნიციპალიტეტმა შეავსო.

იგეგმება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებით შეკრებილი მონაცემების ანალიზი და ანგარიშის მომზადება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ოფიციალური საქმისწარმოების შესახებ. კვლევასთან ერთად შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები სახელმწიფო ენის გამოყენებასთან დაკავშირებით.