საქართველოს პრემიერ-მინისტრი დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნას დაესწრო
ჩვენ გვაქვს განსაზღვრული კონკრეტული პრიორიტეტები ქართული ენისთვის,რომელიც მის მეტ პოპულარიზაციას გულისხმობს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ისტორია ბრძოლისათვის უფლებისთვის და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. "1978 წლის 14 აპრილი არის თარიღი, როდესაც ქართველმა ერმა გამოიჩინა ერთსულოვნება, რომ დაეცვა ქართული ერის თვითმყოფადობა. ეს არის ისტორიული თარიღი ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. 21-ესაუკუნეში ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომლებიც მომდინარეობს სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ გვაქვს განსაზღვრული კონკრეტული პრიორიტეტები ქართული ენისთვის, რომელიც გულისხმობს მის მეტ პოპულარიზაციას, უფრო მეტად განმტკიცებას და რაც მთავარია იმას, რომ ისარ ჩამორჩეს განვითარების ტემპებს. ენა, ისევე როგორც იდენტობის ნებისმიერი სხვა ნაწილი, ცოცხალი ორგანიზმია,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ამსახველი ტერმინოლოგია ქართულ ენაშიც შემოვიდეს. "ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიყენოთ ინტერნეტი, სხვა საშუალებები, რომ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი ენის პოპულარიზაცია ყველგან. დღეს ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ. რამდენიმე დღის წინ, სტრასბურგში,საკვირაო სკოლაში შევხვდი ქართველ ბავშვებსა და მშობლებს,რომლებიც მათ ნამდვილ ქართველებად ზრდიან. აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ წარმოდგენილი ყველაზე მაღალ დონეზე ინტერნეტ სივრცეში, ყველაზე მაღალ დონეზე გვქონდეს წარმოდგენილი ქართული ენა, რომ ქართველ მშობლებს,ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდეთ, უფასოდ შეასწავლონ მშობლიური ენა თავიანთ შვილებს,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო 14აპრილის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებაში და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. "ქართული ენა არის ძალიან დიდი სიმდიდრე, დიდი საგანძური,რომელსაც განმტკიცება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც აქვს ენის დეპარტამენტს, საშუალებას მოგვცემს, ყველა დასახულ მიზანს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივაღწიოთ. ჩემი გადაწყვეტილებით ამ მიმართულების დაფინანსება ზაფხულიდან მნიშვნელოვან წილად გაიზრდება. ჩვენთვის განათლება არის უპირველესი პრიორიტეტი," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის შეფასებით, განათლება არის ის ეროვნული იდეა, რომელიც საქართველოს მის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის დამარცხებაში დაეხმარება და ქართულ ენას, მისი სიწმინდის შენარჩუნებას, ამ ეროვნულ იდეაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში გაიმართა თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი გამოფენა „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი", რომელიც მთავრობის მეთაურმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და თსუ-ის რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძესთან ერთად დაათვალიერა. გამოფენაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა, რომელიც ეხება ქართული ენის სწავლების პრობლემებსა და "დედაენის" გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას. ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული 22 აპრილს დაიხურება.