თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეული დაიხურა
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის დახურვაში მიიღო მონაწილეობა. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ხელნაწერები, თსუ-ში დაცული დისერტაციები, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები და სხვა მასალა. გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო გადაეცათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ელიზაბეტ რუდს; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს. უნგრელ ელეს არპადს; უცხოელ ქართველოლოგს - იაპონიის საელჩოს კულტურის ყოფილ ატაშეს, ენათმეცნიერს, ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის პროფესორს იასუჰირო კოჯიმას. ჯილდო გადაეცათ აგრეთვე:საზოგადო მოღვაწეს, მწერალ კოტე ჯანდიერს;ჟურნალისტ თამარ ცაგარეიშვილს;ღვაწლმოსილ მეცნიერს მერი ნიკოლაიშვილს;ახალგაზრდა მეცნიერებს: ნიკო ქელბაქიანს და გიორგი ჯღარკავას; მთარგმნელს ანი კოპალიანს.