+995 32 ‎2 407 222

2020 წლის 6 იანვარს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ფერეიდნელ თანამემამულეებს უმასპინძლა

2020 წლის 6 იანვარს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ფერეიდნელ თანამემამულეებს უმასპინძლა, რომლებმაც ფეხით გამოიარეს 1500 კილომეტრი ქართული ენის სიყვარულითა და ფერეიდანის მიწაზე მის არსებობის გახანგრძლივების სურვილით.

2019 წლის აგვისტოში სამმა ფერეიდნელმა ქართველმა, ომიდ გუგუნანმა, შაჰრამ ონიქაზიმ და ისმაილ რაჰიმმა, დაიწყო ფეხით მსვლელობა ისტორიული სამშობლოსკენ. ისინი 11 აგვისტოს შეუდგნენ წინაპრების მიერ 400 წლის წინ იძულებით გავლილ გზას და მის უკან, საქართველოსკენ გამოვლას 31 დღე მოანდომეს.
დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა, საპატიო სტუმრებს პრემიერ მინისტრის მიმართვა და საჩუქარი _ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.
გაიმართა საინტერესო საუბარი, როგორც ომიდ გუგუნანმა თქვა, „რუს აქეთ და იქით ,დგომ“ თანამემამულეთა შორის. სტუმრებმა სიყვარულით მიიღეს დეპარტამენტის თავმჯდომარის საჩუქრები და დატოვეს ბევრი სამომავლო იდეა.
შაჰრამ ონიქაზი (ონიკაშვილი), ომიდ გუგუნანი (გუგანაშვილი) და ისმაილ რაჰიმი (დავითაშვილი) ფერეიდნელთა იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც წინაპრებისგან შენახული მშობლიური ენა ყველაზე რთულ პერიოდში გადმოიბარეს. ცნობილია, რომ გლობალიზაციამ ფერეიდნული დიასპორის კარჩაკეტილი ცხოვრების წესი მოშალა, მათთვის განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ფერეიდნელი ახალგაზრდობა ჩაერთო გლობალურ საინფორმაციო ქსელში, გახშირდა შერეული ქორწინებები და საყოფაცხოვრებო მიგრაცია ირანის სხვადასხვა ტერიტორიაზე, გაჩნდა დიდი საფრთხე, რომ ქართული ენა ფერეიდანში შეიძლება ისევე გაქრეს, როგორც ირანის სხვა რეგიონებში ჯერ კიდევ 100 წლის წინ დედაენაზე მოლაპარაკე ქართულ კოლონიებში გაქრა.
საქართველოსკენ მსვლელობის მიზანი იყო ისტორიულ სამშობლოსთან კულტურული და ემოციური კავშირის გააქტიურება, არსებული კონტაქტების ახალი მნიშვნელობით დატვირთვა.
ერთთვიანი მოგზაურობით ჩვენმა თანამემამულეებმა ფერეიდნელებსაც და ქართული სახელმწიფოს მოსახლეობასაც შეახსენეს, რომ ფერეიდანი მარტო ისტორიული თემა კი არ არის, არამედ ის განაგრძობს ცხოვრებას ახალი დროისგან მოტანილი ახალი პრობლემებით. ამ აქციამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა ისტორიის ორ ნაპირზე მდგომ ქართველობას, რომ წარსულის წინაშე ვალდებულები ვართ შევინარჩუნოთ ფერეიდანი - როგორც ეროვნული გმირობის უნიკალური მაგალითი, გავუფრთხილდეთ ქართულად მოლაპარაკე თანამემამულეებს.

ამ დღეს ღონისძიებები არ არის