ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობის დამტკიცება
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 25 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობა.
ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობის დამტკიცება უკავშირდება სახელმწიფო ენის სწავლის, სწავლებისა და შეფასების ერთიანი სტანდარტის დანერგვას და სახელმწიფო ენის ფლობის შემოწმების / დადასტურების საგამოცდო სისტემის შემუშავებასა და შემოღებას.
შემდგომი ნაბიჯი - გამოცდა, რომელსაც ეს სტანდარტი დაედება საფუძვლად, სავალდებულო იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შემთხვევისათვის (საჯარო მოსამსახურე, მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი, თანამოქალაქეობის სტატუსის მაძიებელი და ა. შ.).
გარდა ამისა, საკუთარი ენობრივი კომპეტენციის შემოწმება შეეძლება ნებისმიერი ასაკისა და სტატუსის მოქალაქეს, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
ამგვარი სტანდარტის არარსებობა ხელს უშლიდა, ზოგადად, სწავლებისას და შეფასებისას ქართული ენის ფლობის დონის განსაზღვრას, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა სწავლის, სწავლებისა და შეფასების საერთო ევროპულ ჩარჩოსთან (CEFR).
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აღნიშნულ დოკუმენტზე იმუშავა სახელმწიფო ენის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფთან (კახა გაბუნია, მარიკა ოძელი, ნანა შავთვალაძე, მარიამ მანჯგალაძე, ნინო შარაშენიძე) ერთად და მთავრობასთან წარდგენამდე განიხილა და დაამტკიცა ექსპერტთა კომისიის სხდომაზე.