სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შეიქმნა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2020 წლის 30 სექტემბერს გაიმართა უწყებათაშორისო საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოში შედის ყველა სამინისტროს მინისტრის მოადგილე. სხდომაზე განიხილეს: სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) პრიორიტეტული მიმართულებები; სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი მუშაობის წესი, აგრეთვე მიმდინარე საკითხები.
სტრატეგიის მიზანია, ხელი შეუწყოს: 1) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სახელმწიფო ენის სრულფასოვან ფუნქციონირებასა და განვითარებას 2)აფხაზური ენის ფუნქციონირებისა და განვითარებას ოკუპაციის პირობებში.
სახელმწიფო ენის სტრატეგიის სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის: საქართველოს კონსტიტუცია, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება. ამას გარდა, სტრატეგია პასუხობს საერთაშორისო ვალდებულებებს: ასოცირების შესახებ შეთანხმებას, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, ევროპის კულტურულ და სხვა კონვენციებსა და ქარტიებს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
უახლოეს ხანში გაიმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.