შეხვედრა უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებთან
2020 წლის 30 ოქტომბერს სახელმწიფო ენის დეპარტამენტს ეწვივნენ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი მარკ ფუმაგალი და ეროვნული პროგრამის კოორდინატორი ნინო გოგოლაძე. გიორგი ალიბეგაშვილი სტუმრებს ესაუბრა სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე. ყურადღება გაამახვილა, ერთი მხრივ, ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირებასა და სწავლებაზე, მეორე მხრივ კი, უმცირესობათა ენების დაცვაზე. ასევე იმსჯელეს იმ ამოცანებზე, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია აფხაზური ენის დაცვისა და განვითარებისათვის ოკუპაციის პირობებში. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსებმა თინათინ ბოლქვაძემ და მარინა ბერიძემ ისაუბრეს ქართული ენის ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის პრობლემებზე, ევროპასთან ასოცირების შეთანხმების 47-ე პუნქტის შესრულების აუცილებლობასა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებაზე, რომელთა გამოყენება შეიძლება მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს არაქართულენოვანი მოსახელობის სამოქალაქო ინტეგრაციისათვის. ბატონმა მარკ ფუმაგალმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტს აღუთქვა დახმარება საერთაშორისო სემინარის ორგანიზებაში, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფო ენის დეპარტმანეტსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს მოისმინონ უცხოელ ექსპერტთა რეკომენდაციები სახელმწიფო ენის სტრატეგიის შექმნისათვის; ასევე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისისგან მიიღონ წერილობითი რეკომენდაციები სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე. სახელმწიფო ენის დეპარტმანეტის წარმომადგენლებმა ეს შემოთავაზება მიიღეს, როგორც სახელმწიფო ენის სტრატეგიის გამჭვირვალობის ხელშემწყობი ფაქტორი.