სემინარი ,,ენის პოლიტიკის, ტერმინოლოგიური მუშაობისა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება"
საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2021 წლის 28 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა სემინარი, რომლის მთავარი მიზანი იყო ლატვიის გამოცდილების გაზიარება ენის პოლიტიკის, ტერმინოლოგიური მუშაობისა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. ღონისძიების მონაწილენი იყვნენ: ლატვიის მხრიდან, ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრი და „ტილდე“ – ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი, საქართველოს მხრიდან: სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრები, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ცენტრების თანამშრომლები. ღონისძიებაზე მოხსენებები წარადგინეს ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის დირექტორმა მარის ბლატინშმა, ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის რიგის რეგიონის უფროსმა ინსპექტორმა მადარა რეკემ, ტერმინოლოგიისა და სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნის დეპარტამენტის თავმჯდომარემ არტურს კრასტინშმა, „ტილდეს“ გენერალურმა დირექტორმა ანდრეის ვასილიევსმა. საქართველოს მხრიდან, ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურისა და განათლების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი. სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები საზოგადოებას გააცნო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დეპარტამენტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ. თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუმის პლატფორმის გამოყენებით, პრეზიდენტის რეზიდენციიდან ტელეხიდი მოეწყო ლატვიასთან. ამჟამად იქმნება სახელმწიფო ენის სტრატეგია, რომლის შემუშავების მთავარი ინიციატორი და კოორდინატორიცაა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, სტრატეგიის ფარგლებში შესწავლილი იქნა ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება. 2021 წლის იანვარში „ტილდესთან“ სამუშაო შეხვედრისას დაიგეგმა ორი სემინარი. პირველი სემინარი მიეძღვნა, ზოგადად, ენობრივი პოლიტიკისა და ტერმინოლოგიური მუშაობის გაცნობას, კერძოდ კი, ევროკავშირის ტერმინოლოგიასთან ინტეგრირებასა და ჰარმონიზაციას.
ენათა ევროპული დღე
სექტემბერი