გიორგი ალიბეგაშვილი ინალკოს პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორს, შარიფ ალამი შაუფის შეხვდა.
28 მარტს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძესთან ერთად ინალკოს (აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნული ინსტიტუტი) პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორს, შარიფ ალამი შაუფის შეხვდა. ალამი შაუფიმ შეხვედრაზე განმარტა, რომ ინალკო ევროპაში ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტია, რომელშიც ქართული ენის კათედრა მოქმედებს. მიმდინარე წელს ინალკოს სამეცნიერო საბჭომ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, ქართული ენის კათედრის ორი მასწავლებლიდან ერთის შტატი გააუქმოს. ეს კი მომავალში ქართული ენის სწავლების შემცირებას და კათედრის გაუქმებას გამოიწვევს. შარიფ ალამი შაუფიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მხრიდან ამ საკითხში ჩადებული ინვესტიციითა და ერთობლივი ძალისხმევით ქართული ენის შესწავლისა და ქართველოლოგიური კვლევების მდგომარეობა საფრანგეთში გაუმჯობესდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2019 წლის ბიუჯეტში ინალკოს ინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე ერთი პედაგოგის დაფინანსების საკითხს დააყენებს. ასევე იმსჯელეს ქართული ენის სწავლების ელექტრონული კურსის შექმნის თაობაზე, რომელშიც შესაძლებელია სტუდენტების აქტიურად ჩართვა. აღინიშნა, რომ ასეთი კურსი დიდ ხარჯებს არ მოითხოვს და მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, ქართული ენის სწავლის საშუალებას მისცემს. შეხვედრის დასასრულს ინალკოს პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორმა, შარიფ ალამი შაუფიმ კომიტეტს გააცნო დაგეგმილი ღონისძიებები და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს საინტერესო შეხვედრისა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.