14-აპრილი ქართული ენის დღე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.
სახელმწიფო ენის კვირეულის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქართული ენის სწავლებასა და კვლევაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის სამი ღვაწლმოსილი მეცნიერი – მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი და ჟუჟუნა ფეიქრიშვილი დააჯილდოვა. მეცნიერები ასევე დააჯილდოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მესამე ბიულეტენის პრეზენტაცია. გარდა ამისა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეებმა საზოგადოებას საკუთარი პროექტები წარუდგინეს, რისთვისაც ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისინი სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გამოცემებს.
ღონისძიების ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ იმ სტუდენტებს გადასცეს, რომლებმაც 2022-2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
მინისტრებმა სიმბოლური საჩუქრებით ასევე დააჯილდოვეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ის ოთხი კურსდამთავრებული, რომლებმაც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1+4) წარმატებით დასრულების შემდგომ სწავლა გააგრძელეს ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე და დღეისათვის თავად ასწავლიან არაქართულენოვან სკოლებში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
საჩუქრები ასევე გადაეცათ აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც მაღალი შეფასებები დაიმსახურეს და ერთიანი ეროვნული გამოცდებით განსაზღვრული სამი სავალდებულო საგნის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებმა კი წარმოადგინეს კალიგრაფიის მასტერკლასი და დედაენის თემატიკაზე შესრულებული ხელნაკეთი წიგნები.
ენათა ევროპული დღე
სექტემბერი