სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ტრენინგი საქპატენტის თანამშრომლებისთვის
2023 წლის 19, 20 და 22 დეკემბერს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის 1.2.1.7 აქტივობის ფარგლებში საქპატენტის მცხეთის ოფისის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული უცხოური ენების ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები და სალიტერატურო ენის განახლებული ნორმები“. ტრენინგს დაესწრნენ საქპატენტის თანამშრომლები. ტრენინგს უძღვებოდა თინათინ ბოლქვაძე – თსუ პროფესორი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი. ტრენინგზე ინტერაქციული მეთოდით განხილული იყო შემდეგი საკითხები: უცხოური ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის ძირითადი კრიტერიუმები, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სხვა ენების ბგერითი სისტემების ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, განსაკუთრებით ინგლისური ენის ბგერითი სისტემისა და ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები; უცხოური საკუთარი სახელების ქართულ ენაზე დაწერილობის საკითხები; ქართული საკუთარი სახელების უცხოურ ენებზე დაწერილობის საკითხები; სალიტერატურო ენის სხვა განახლებული ნორმები; ოფიციალური დოკუმენტაციის სტილისტიკის საკითხები. ტრენინგები დაიგეგმა და ჩატარდა საქპატენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ საქპატენტსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია 2022 წლის ივნისიდან (იხ. ბმული: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/444/ ) და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.