საზეიმო მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსში
21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად გამართა საზეიმო მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები კულტურისა და მეცნიერების სფეროდან. ღონისძიებაზე გამოიფინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთვნილი სხვადასხვა ენაზე შესრულებული უნიკალური ხელნაწერები, ასევე უნივერსიტეტის მუზეუმში, გიორგი ახვლედიანის პირად არქივში დაცული დოკუმენტები, იმ სასწავლო პროგრამების ორიგინალები, რომელთა მიხედვითაც უნივერსიტეტის დაარსებიდან მალევე დაიწყეს სხვადასხვა ენის სწავლება, მათ შორის, ოსურისა და აფხაზურის. სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ბანერზე თავიანთ მშობლიურ ენაზე „ძალა ერთობაშია“ წაეწერათ. 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც მშობლიურ ენათა დაცვასა და მსოფლიოში ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.