სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
2023 წლის 10 მაისს გაიმართა საჯარო განხილვა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტისა, რომელიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან, პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა.
სამოქმედო გეგმის დოკუმენტი მომზადდა მთავრობის მიერ 2019 წლის 20 დეკემბრის #629 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი პროცედურების, მეთოდოლოგიისა და სტანდარტების“ შესაბამისად, რომელიც ამავდროულად ითვალისწინებს დოკუმენტის საჯარო განხილვას.
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია) არის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის 2021-2030 წლების განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი 2021 წლის 27 დეკემბერს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირება, დაცვა, განვითარება და მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.
სამოქმედო გეგმა სტრატეგიის რიგით მეორე გეგმაა, პირველი კი 2021-2022 წლებში განხორციელდა.
2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, როგორებიცაა: საგამოცდო სისტემის დანერგვა, სახელმწიფო ენის პორტალის შექმნა, ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციისა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება და სხვ.
სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებათა წარმომადგენლები, სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრები, აკადემიური წრის წარმომადგენლები.
საჯარო კონსულტაციები დოკუმენტის შესახებ გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატით.