+995 32 ‎2 407 222

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა უწყებათაშორისი საბჭოს წევრებთან, პასუხისმგებელ და პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის საჯარო განხილვაც 17 მაისს, 13 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის, აგრეთვე სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის წევრების, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსის, სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

სამოქმედო გეგმის დოკუმენტი მომზადდა მთავრობის მიერ 2019 წლის 20 დეკემბრის #629 დადგენილებით დამტკიცებულისაქართველოს მთავრობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი პროცედურების, მეთოდოლოგიისა და სტანდარტებისშესაბამისად, რომელიც ამავდროულად  ითვალისწინებს დოკუმენტის საჯარო განხილვას

აღნიშნული სამოქმედო გეგმა სტრატეგიის რიგით მეორე გეგმაა, პირველი კი 2021-2022 წლებში განხორციელდა.

სახელმწიფო ენის სტრატეგიის მთავარი მიზანია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რისთვისაც განისაზღვრა შემდეგი ამოცანები შესაბამისი აქტივობებით:

1. ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა;

2. სალიტერატურო ქართული ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა;

3. ქართულენოვანი ტერმინოლოგიის განვითარება;

4. ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე;

5. აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობა;

6. ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა;

7. საქართველოს ეთნიკური უმცირესობის ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა.

2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, როგორებიცაა: საგამოცდო სისტემის დანერგვა, სახელმწიფო ენის პორტალის შექმნა, ტერმინოლოგიის სტანდარტიზაციისა და  ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება და სხვ.

საჯარო კონსულტაციები დოკუმენტის შესახებ გაგრძელდება სხვადასხვა ფორმატით.

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის