+995 32 ‎2 407 222

14 აპრილი - ქართული ენის დღე

 

2024 წლის 15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები, რომლებიც ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას ეძღვნება და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ მომზადებული 14 აპრილის მოვლენების ამსახველი საარქივო მასალების ასლები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გამოფენის გახსნაზე 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მედგარ ბრძოლას ქართულის, როგორც  სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ათასობით წიგნი ინახება, რომელიც ქართული ენის კვლევას ეძღვნება. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა კაკი შანიძის დისერტაცია, რომელიც პირველი ნაშრომი იყო უნივერსიტეტში და სწორედ ქართული ზმნის უღლებას ეხებოდა და  უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებულის ასევე პირველი დისერტაცია, რომელიც არნოლდ ჩიქობავამ ქართულ ენის სინტაქსს მიუძღვნა.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფ. გიორგი ალიბეგაშვილმა, როგორც 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციის მონაწილემ, გაიხსენა ის საფრთხეები, რომლებიც აბობოქრებულ ახალგაზრდებს ელოდათ და ის შედეგები, რომლებიც მშვიდობიანად დასრულებულმა გამოსვლამ მოიტანა. გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) მიზანსა და ამოცანეზე, რომელთა გადაჭრაზეც მუშაობს სახელმწიფო ენის დეპარტნტი 2021 წლიდან.

 

ამ დღეს ღონისძიებები არ არის