საერთაშორისო კონფერენცია ენები ციფრულ ერაში
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით, ენობრივი ტექნოლოგიების ევროპულ ცენტრ "ტილდესთან" თანამშრომლობით, მართავს საერთაშორისო კონფერენციას „ენები ციფრულ ერაში: თანამედროვე ტექნოლოგიები მწირრესურსებიანი ენებისთვის“.
კონფერენციის მიზანია, განიხილოს ქართულისა და სხვა მწირრესურსებიანი ენებისათვის ახალი ტექნოლოგიების შექმნის საკითხი და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება; ასევე, ქართული ენის ტექნოლოგიზების მიზნით გააერთიანოს დარგის გამორჩეული მეცნიერები და ქვეყნის სამთავრობო და საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე მკვლევრები ლატვიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, სამხრეთი აფრიკიდან და ინდოეთიდან. კონფერენციაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით მოხსენებას წაიკითხავენ: ლანკასტერის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, კორპუსლინგვისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარი - ტონი მაკენერი, ლიდზის უნივერსიტეტის პროფესორი, კორპუსლინგვისტიკისა და კომპიუტერული ლინგვისტიკის გამორჩეული წარმომადგენელი - სერგეი შაროვი, ევროპული კომპანია "ტილდის" აღმასრულებელი დირექტორი, კომპიუტერული მეცნიერებების მკვლევარი, ექსპერტი - ანდრეის ვასილიევსი და კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორი, ლატვიის უნივერსიტეტის პროფესორი ინგუნა სკადინა.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო;
ლატვიის სტანდარტი;
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.
კონფერენცია გაიმართება 7 და 8 ოქტომბერს ზუმის პლატფორმაზე. დასწრება თავისუფალია.
კონფერენციის პროგრამა :ჩამოტვირთვა