უნივერსიტეტებს შორის სადისკუსიო პლატფორმა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა უნივერსიტეტებს შორის სადისკუსიო პლატფორმა. 11 აპრილს, 3 საათზე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა პლატფორმის პირველი სხდომა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. სხდომაზე განიხილეს ქართული ენის, როგორც საუნივერსიტეტო სავალდებულო პრაქტიკული კურსის შემოღების მიზანშეწონილობა და პერსპექტივა. გარდა ამისა, დისკუსიაში მონაწილეებმა იმსჯელეს სწავლების სხვადასხვა საფეხურზე სტუდენტებისთვის ქართული ენის ფლობის დონის ასამაღლებლად არაფორმალური სწავლების საშუალებების გამოყენების შესაძლებლობებზე. პლატფორმის შექმნა გათვალისწინებულია სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გააგრძელებს სახელმწიფო ენის სტრატეგიის ფარგლებში ქართული ენის სწავლების მხარდაჭერას.