სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის საჯარო სკოლას ეწვია.
27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და მას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს ქართულთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგ აფხაზების ყველაზე დიდი კომპაქტური დასახლება ბათუმის შემოგარენში, მათ შორის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაშია. ფერიის საჯარო სკოლაში კი რამდენიმე წელია, არჩევით საგნად ისწავლება აფხაზური ენა, რომელსაც წელს სკოლის 35-მდე მოსწავლე სწავლობს.
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის საჯარო სკოლას ეწვია.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე დაესწრო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების („დედა“) მიხედვით დადგმულ აფხაზურენოვან სპექტაკლს; აფხაზური ენის დღე მიულოცა დამსწრე საზოგადოებას, ხოლო აფხაზური ენის სწავლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო სიგელით და წიგნებით დააჯილდოვა აფხაზური ენის მასწავლებელი ლიანა აიკუცბა; აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობისათვის, სკოლის დირექტორი ლეილა დუმბაძე. სიგელები და წიგნები ასევე გადაეცათ სპექტაკლში მონაწილე სკოლის მოსწავლეებსაც. სკოლის ბიბლიოთეკას კი საჩუქრად გადაეცა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გამოცემები, მათ შორის ქართულ-აფხაზურ-ინგლისური სიხშირული ლექსიკონი.